"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. გიორგი თარგამაძე მანჩესტერში, მასპინძელი ქვეყნის მიწვევით, კონსერვატიული პარტიის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონსერვატორ წევრებთან.
მანჩესტერის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ლონდონში გაემგზავრება, სადაც ოფიციალური შეხვედრების პარალელურად სიტყვით გამოვა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში. "ჩეთემ ჰაუსში" გიორგი თარგამაძის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იქნება. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი ამ გამოწვევების გადაჭრაში ხელისუფლების, ოპოზიციის და დასავლელი პარტნიორების მონაწილეობის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრებს.
"პირველი რიგის მნიშვნელოვან ამოცანად მესახება ბრიტანელი კოლეგების ინფორმირება იმის შესახებ თუ როგორია ჩვენი ხედვა საქართველოს კონფლიქტების მოგვარებისა და ამ პროცესში მათი მონაწილეობის შესახებ. ამას გარდა, გაერთიანებული სამეფოს წამყვან პოლიტიკურ ფიგურებსა და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებს გავაცნობთ ჩვენს პოზიციას 2012 წლის არჩევნებთან და დემოკრატიზაციის პროცესში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.