მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ კომისიას მოუწევს. ამ მიზნით, ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციიდან, ლევან ვეფხვაძემ წარადგინა, კომისია ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შევლენ. კომისიას ოპოზიციურ პარტიათა მიერ წარდგენილ წევრთაგან არჩეული თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. კომისია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპითაც უზრუნველყოფს.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, აღნიშნული კომისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სამოქალაქო რეესტრს შორის შუალედური რგოლი იქნება და მან უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სრულყოფილი სიების შექმნა.
კანონპროექტის თაობაზე გარკვეული შენიშვნები აქვს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ასოციაცის წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე პასუხისმგებელი სამოქალაქო რეესტრი უნდა იყოს, ხოლო კომისიას მხოლოდ მონიტორინგის ფუნქცია დაეკისროს და მისი წევრები უფრო მეტად არასამთავრობო ორგანიზაციებიდან უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება თუ კომისია არა ერთჯერადად - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, არამედ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მასალის გამოყენების პირობები