28 სექტემბერი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საჯარო ინფორმაციას, როგორც წესი, მალავს და ასაიდუმლოებს, რითაც არღვევს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველოში უხეშად ილახება მოქალაქის ფუნდამენტური უფლება.
ინფორმაციის თავისუფლების პრობლემის შესახებ „ქართულ პარტიას" არაერთხელ გაუკეთებია საჯარო განცხადება და ამ პრობლემის რეალობა კონკრეტული ფაქტებით დაუსაბუთებია. ასე მოხდა, მაგალითად, სატელევიზიო ანძის გასხვისების შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ მოგვაწოდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. „ქართულმა პარტიამ" ვერც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიიღო საჯარო ინფორმაცია, რომელიც თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტისთვის დაფინანსების შეწყვეტას და დედაქალაქის მერიისთვის მის გადაცემას შეეხებოდა. საჯარო ინფორმაცია დაბლოკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომაც, რომელმაც არ მოგვაწოდა ინფორმაცია დევნილთა კომპენსაციის შესახებ.
ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ანალოგიურ პრობლემას ხშირად აწყდებიან ჟურნალისტები და მოქალაქეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში.
„ქართული პარტია" მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს კანონის მოთხოვნა და არ შეუზღუდოს მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციით სარგებლობის უფლება.