საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის 27 სექტემბერს გაეროს 66-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამგვარი განცხადებებით რუსეთი აგრძელებს ფარისევლურ მცდელობას დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ რუსეთი არის არა კონფლიქტის მონაწილე მხარე, არამედ მშვიდობისმყოფელი.
"2011 წლის 27 სექტემბერს გაეროს 66-ე გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის გამოსვლაში, შეეცადა კვლავ დაედანაშაულებინა საქართველო 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში. ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის მზადყოფნა, გახდეს „ძალის არ გამოყენების გარანტი საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის". ლავროვმა ასევე მოუწოდა ევროკავშირსა და აშშ-ს მიბაძონ რუსეთს.
ამგვარი განცხადებებით რუსეთი აგრძელებს ფარისევლურ მცდელობას დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ რუსეთი არის არა კონფლიქტის მონაწილე მხარე, არამედ მშვიდობისმყოფელი და, შესაბამისად, შეუძლია გახდეს მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი. რუსეთი კვლავ ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად უნდა განიხილებოდნენ. ამასთან, ს. ლავროვის განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ რუსეთი აგრძელებს მცდელობას დაამკვიდროს ევროპაში ე.წ. გამყოფი ხაზები და გავლენის ექსკლუზიური სფეროები", - აღნიშნულია ქართული საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რეგულარულად და დემონსტრაციულად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ნაკისრ მრავალმხრივ და ორმხრივ ვალდებულებებს, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას.
"აღსანიშნავია, რომ საქართველომ გამოავლინა კეთილი ნება და 2010 წლის 23 ნოემბერს ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის არ გამოყენების შესახებ, რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი ჯერ არ მოჰყოლია. რუსეთის ფედერაცია ვალდებულია განაახლოს ძალის არ გამოყენების ვალდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც მან აიღო 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით. ს. ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებებით რუსეთი ვერ მოახერხებს ამ ვალდებულებისთვის თავის აცილებას. ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება რუსეთის მხრიდან და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ სახლებში იქნება ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი მე-17 რაუნდის მთავარი თემა 2011 წლის 4 ოქტომბერს. განსაკუთრებით ცინიკურად გაისმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის პირველი დიპლომატის ზემოთ აღნიშნული „სამშვიდობო" განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შეტევითი შეიარაღების შეტანის, რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედრო წვრთნების, გამალებული სამხედრო აღმშენებლობის და საომარი რიტორიკის ფონზე. ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის ბ-ნი ბაღდასაროვის განცხადება 2014 წლამდე საქართველოსთან კიდევ ერთი ომის აუცილებლობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
ქარტული საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ რუსეთის ფედერაციამ რაც შეიძლება მალე უნდა გაახლოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების შესახებ.
"მხოლოდ ამგვარი ნაბიჯით შეძლებს რუსეთი რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების მცირედით მაინც გაუმჯობესებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთი მზად არის სამხრეთ კავკასიაში ძალის გამოუყენებლობის გარანტი გახდეს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გააკეთა.
"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი აუცილებელი იმისათვის, რო მ არ დავუშვათ კავკასიაში ძალოვანი სცენარის განმეორება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა და აგვისტოს ომს "თბილისის მმართველი რეჟიმის ავანტიურის შედეგი" უწოდა.
ამას გარდა, სერგეი ლავროვმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაც ახსენა. ლავროვი კვლავ მოუწოდებს ქართულ მხარეს ეს ხელშეკრულება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გააფორმოს.
"რუსეთი მზად არის იყოს მოლაპარაკებების შესრულების გარანტი საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში", _ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ "ნებისმიერი მხრიდან ძალის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ სიტუაციის უსწრაფესი დარეგულირებისათვის ვიბრძოლებთ, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე".