„ქართული დასის" ლიდერი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი ჯონდო ბაღათურია ფრაქციის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს იბარებს. მისი თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე ოპტიმიზაცია რეგიონებში ხარვეზებით მიმდინარეობს. ამის მაგალითად მან მარტვილის რაიონის სოფელ ლეციცხვაიაში არსებული სკოლის დახურვის მცდელობა მოიყვანა.
დეპუტატმა იმ განცხადების შესახებ ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ სოფელ ლეციცხვაიადან მიიღო. განცხადებას 512 ოჯახი აწერს ხელს. ბაღათურიას თქმით, სკოლა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც მისი არსებობისთვის არის აუცილებელი: მოსწავლეთა მრავალრიცხოვანი კონტინგენტი, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, მაღალი აკადემიური მოსწრება, მოსწავლეთა ოლიმპიადებში მიღებული ჯილდოები, სპორტული მიღწევები. ამასთანავე, სკოლა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, გელა ჭედიას სახელს ატარებს.
ბაღათურიას განცხადებით, დიმიტრი შაშკინმა ერთხელ უკვე გაითვალისწინა დეპუტატის შეხედულება სკოლის დახურვის უკანონობის თაობაზე, თუმცა აღნიშნულმა პრობლემამ მიმდინარე სასწავლო წელს თავი ისევ იჩინა.