ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სასტუმრო "ამბასადორში" საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს 2011-2015 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი წარუდგინა.
პროექტი ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. დოკუმენტის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაღრმავებას. 2012 წელს საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია დაგეგმილი, 2013 წელს - საპრეზიდენტო და 2014 წელს კი - ადგილობრივი თვითმმართველობის. სტრატეგიული გეგმა აღნიშნული არჩევნებისათვის სამზადისის განუყოფელი ნაწილია. საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს სამი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნის განხორციელებას: საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციას, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამომრჩეველთა მაქსიმალურ ინფორმირებას.
შეხვედრას ცესკოს საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს წევრები: საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები დაესწრნენ.
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით 2010 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ შვიდი შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა შეხვედრებზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მოწყვლადი კატეგორიის ამომრჩეველთა ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოები, მედია და არჩევნები, პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციები და სამოქალაქო განათლების როლი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში.