ბათუმში გაიმართა „თავისუფალი საქართველო"-ს აჭარის რეგიონალური სამსახურის აქტვის შეხვედრა პარტიის ხელმძღვანელობასთან. სოხუმის დაცემის 18 წლის თავთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზებს და პერსპექტივებს.
როგორც აღინიშნა, პარტიის პოზიცია, კონფლიქტის მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაწყვეტის შესახებ, უცვლელია.
„თავისუფალი საქართველო" მიესალმება აფხაზთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის მიერ, ჯერ კიდევ წინა საარჩევნოდ გაჟღერებულ ინიციატივას, აფხაზი და ქართველი ხალხისთვის ე.წ. საზღვარზე შეუფერხებლად გადაადგილების შესახებ.
პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას და პირადად მიხეილ სააკაშვილს, რომ დაიწყოს აფხაზურ მხარესთან დიალოგის პროცესი, ჩავიდეს სოხუმში, შეხვდეს ალექსანდრე ანქვაბს და შეასრულოს საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა: მიგვაჩნია, რომ ენგურზე შეუფერხებლად გადაადგილება როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხის ნებაა.
პარტიის ინფორმაციით, „თავისუფალ საქართველოს" ხშირად აკრიტიკებენ იმ გადაწყვეტილების გამო, რომ მათ დამოუკიდებლად, ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე გადავწყვიტეთ რუსეთთან დიალოგის წარმოება ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ამიტომაც, პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას თავად აიღოს აფხეზებთან დიალოგის ინიციატივა.
"თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს ქართველი და აფხაზი ხალხის დაკვეთას, „თავისუფალი საქართველო" დამოუკიდებლად დაიწყებს მოლაპარაკებებს ამ მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენ შევასრულებთ ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები თანამოქალაქეების ნებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას ესწრაფვიან"-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.