ზურაბ ნოღაიდელი პირველი არ არის, ვისი მეშვეობითაც რუსეთი საქართველოში სიტუაციის მართვას ცდილობს, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთვის 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, კრემლს სხვადასხვა დროს საქართველოში სხვადასხვა დასაყრდენი ჰყავდა, მათ შორის თენგიზ კიტოვანი, ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი, ალექსანდრე ებრალიძე.
"კრემლის პოლიტიკა წლების განმავლობაში იყო საოცრად თანმიმდევრული. იყო ხან იგორ გიორგაძე, ხან თენგიზ კიტოვანი, ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი, ებრალიძე და ახლა ნოღაიდელი. მათ ერთ ნაწილს დღემდე საქართველო წარმოუდგენიათ საკმაოდ ადვილად მოსატყუებელ ხალხად. ნოღაიდელი იმაზე ქვევით დაეშვა, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა და ამის ყურება ძალიან მძიმეა", _ განაცხადა პრტეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ თავისუფლება სააკაშვილის არჩევანი კი არა, ქართველი ხალხის ბუნებრივი მდგომარეობაა.
"ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა, ამაზე უარს ვერავინ გვათქმევინებს. ჩვენ პავლოვის საცდელი ძაღლები კი არა, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გონიერი ერი ვართ, რომლის შეცვლა ასე იოლი არ არის~, - განაცხადა სააკაშვილმა.