საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძის დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხთან დაკავშირებით გამართული დებატების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატებს რეგლამენტის კარგად წაკითხვა ურჩია.
"გთხოვთ, წაიკითხოთ რეგლამენტი, სანამ შოუს დადგამთ მიკროფონთან და მგზნებარე სიტყვით გამოხვალთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ამ ფრაქციის შექმნის საფუძველი თანამდებობებია და აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ აღიქვამს ლორთქიფანიძე დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხს მტკივნეულად.
"რაც შეეხება პარლამენტთაშორის მეგობრობის ჯგუფებს, დელეგაციებში კვოტებს ფრაქცია ავსებს, ხოლო მეგობრობის ჯგუფებში დეპუტატები ინდივიდუალურად ეწერებიან და შესაბამისად, ლორთქიფანიძეს მანამდე შეუძლია იყოს ამ ჯგუფების წევრი, სანამ დეპუტატია", - განაცხადა მან.
ლორთქიფანიძის დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მან ფრაქცია "ძლიერი საქართველო" დატოვა და გადავიდა ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის".