2009 წლის 25 დეკემბერს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე №16-ში მდებარე 18 ერთეული შენობა-ნაგებობისა და მათზე დამაგრებული 58175 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო აუქციონი გაიმართა.
ობიექტის საწყისი ფასი 12 000 000 აშშ დოლარი იყო. აუქციონზე განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს "ავერსი-ფარმამ", რომელმაც ქონება 12 250 000 აშშ დოლარად შეიძინა.
საპრივატიზაციოდ გამოტანილ შენობა-ნაგებობებში ამჟამად სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი" და შპს "ქ. თბილისის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრია" განთავსებული.
აუქციონის პირობებით, ქონების პრივატიზაციის შემდგომ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები ჩვეულებრივ გააგრძელებენ პროფილით ფუნქციონირებას და უფლება ექნებათ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ისარგებლონ პრივატიზებული შენობების ფართით.
აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ავერსი-ფარმა" სახელმწიფოს წინაშე ასევე ვალდებული იქნება საპრივატიზებო თანხის 50% დაფაროს აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, შემდგომ 1 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან მე-9 თვეს, კიდევ ერთი 1 მლნ. აშშ დოლარი - აუქციონის ჩატარებიდან მე-12 თვეს, ხოლო დარჩენილი თანხა მომდევნო 1 წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად, თანაბარი პროპორციით გადაიხადოს.
როგორც გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე აცხადებს, მან ქონება უცხოელ პარტნიორებთან ერთად შეიძინა და სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას მოგვიანებით, მათთან ერთად გააკეთებს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დღევანდელი აუქციონიდან შემოსული თანხით თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფექციური ცენტრი აშენდება.
ახალი საავადმყოფოს აშენებამდე კი სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი" და შპს "ქ. თბილისის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი" ძველ მისამართზე, ყაზბეგის 16-ში გააგრძელებენ ფუნქციონირებას.