რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ ალექსეი კუდრინს - თუკი ის სახელმწიფოს მეთაურს არ ეთანხმება - დღის განმავლობაში გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა შესთავაზა.
კუდრინმა კი განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან გაივლის.
"შეგიძლიათ ვისთანაც გნებავთ გაიაროთ კონსულტაცია, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ჯერჯერობით მე პრეზიდენტი ვარ და ასეთ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. მოგიწევთ გარკვევა და დღის განმავლობაში ჩემთვის პასუხის მოცემა: ან ეთანხმებით იმას, რომ უთანხმებები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, არ არსებობთ და ყოველივე ამის კომენტირებასა და ახსნას ახდენთ, ხოლო თუკი უთანხმოებები არსებობს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, თუმცა ეს არ მსიამოვნებს",_ განაცხადა მედვედევმა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების კომისიის სხდომაზე.
მედვედევმა გაიხსენა, რომ კუდრინი არ აპირებს ახალ მთავრობაში მუშაობის გაგრძელებას, რომელიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება.
"აი, ალექსანდრე ლეონიდოვიჩმა კუდრინმა, რომელიც აქ იმყოფება, სასიხარულო ამბავი გვაუწყა იმის შესახებ, რომ არ აპირებს ახალ მთავრობაში მუშაობას და რომ მას აქვს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა მოქმედ პრეზიდენტთან", _ განაცხადა მედვედევმა და განმარტა, რომ საუბარი მიდის აზრთა სხვადასხვაობაზე ხარჯვის საკითხებში, მათ შორის სამხედრო ხარჯების საკითხებზე.
"ჯერ ერთი, არავითარი ახალი მთავრობა არ არსებობს და არავის არავისთვის მოსაწვევი არ გაუგზავნია და მეორე, არის ძველი მთავრობა, რომელიც ჩემ მიერაა ფორმირებული და ჩემთან არის ანგარიშვალდებული", _ განცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მედვედევმა განცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის მოწურვამდე ანუ" 2012 წლის მაისამდეც კი" აღკვეთს ჩინოვნიკების "უპასუხისმგებლო ლაყბობას".
"ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტის ან მთავრობის კურსს არ ეთანხმება და ზოგადად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრებისეული გეგმა, უფლება აქვს, მომმართოს მე განცხადებით, მაგრამ ეს ღიად უნდა გააკეთოს. მე კი ნებისმიერი უპასუხისმგებლო ლაყბობის აღკვეთა მომიწევს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებ მომდევნი წლის 7 მაისამდეც კი", _ განაცხადა მედვედევმა.
შეგახსნებთ, რომ პარტია "ედინაია როსიას" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა პუტინს შესთავაზა და თავად განაცხადა, რომ მზადაა მთავრობაში იმუშაოს.