საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც ვარშავაში 29-30 სექტემბერს იმართება, საქართველოსთვის მიშვნელოვანს უწოდებს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ჩვენთვის, ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია. ამ სამიტის გადაწყვეტილებები უშუალოდ იმოქმედებს საქართველოს ევროპულ მომავალზე და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე", - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სამიტის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს გააძლიერებს.
"ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მთავარი ამოცანაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. ეს იქნება ორი მიმართულება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მკვეთრად დააახლოვებს. იმედი მაქვს, რომ ეს სამიტი საქართველოს ორივე მიმართულებით პოზიტიურ სიგნალს და ნაბიჯს გამოუგზავნის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.