სოციოლოგების პროგნოზებით, რუსეთის მოქალაქეების საპროტესტო აქტიურობა მკვეთრად გაიზრდება. ამისი მიზეზი არის ინფორმაციის იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი კრემლში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს პერიოდი, რთული სათქმელია. ამგვარი პროგნოზების პირველი ნიშნები უკვე არსებობს:
ოპოზიციური "ხუთი მოთხოვნის კომიტეტის" მიერ ახლახან ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც მოსკოვში, პუშკინის მოედანზე გაიმართა, მოსალოდნელი რამდენიმე ათეული ადამიანის ნაცვლად 500-ზე მეტი ადამიანი მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს. მიტინგზე მისულ ადამიანთა უმრავლესობამ აღიარა, რომ ქუჩაში გამოსვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაიგეს, რომ პუტინი პრეზიდენტად აპირებდა კენჭისყრას.
ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, "ნუ ჩაალაგებენ ბარგს და ნუ გაიქცევიან ქვეყნიდან და ამის ნაცვლად რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლონ". გაჩნდა ასევე მოსაზრება - არჩევნების დღეს ამომრჩეველი მივიდეს უბანზე და თავისი თავი საარჩევნო სიიდან ამოშალოს.
"რუსეთი პუტინის გარეშე", "პუტინო, გაეთრიე აქედან!" _ ამ და მსგავსი შინაარსის ლოზუნგებით მიმდინარეობდა საპროტესტო მიტინგი მოსკოვში.