დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას, ანუ 150 ლარამდე გაზრდას ითხოვს.
ბაღათურიას თქმით, ამისათვის დღეს არსებულ მინიმალურ პენსიას 75 ლარი უნდა დაემატოს, რომელიც, სამ ეტაპად, 25-25 ლარით უნდა გაიზარდოს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები პერსიონერები თანაბარ პირობებში უნდა ჩადგნენ და შესაბამისად, 2010 წლის 1 იანვრიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში პენსიის რაოდენობა 25 ლარით უნდა გაიზარდოს.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე "ქართული დასი" ხელისუფლებასთან კონსულტაციას სამი თვის განმავლობაში მართავდა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში "ქართული დასი" პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე საპროტესტო აქციებს დაიწყებს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ამ აქციებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან, რომლებთანაც "ქართული დასი" კონსულტაციებს გამართავს.