პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მექანიზმებზე კონსულტაციები გაიმართა, რომელშიც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონსულტაციების გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც რიგგარეშე სესიაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის წევრთა ყურადღება მიაპყრო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქში მოქალაქეთა მასობრივი ჩაწერების პროცესი იგეგმება.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამომრჩეველთა სიების გადამოწმების რამდენიმე მექანიზმს. კონკრეტულად როგორ გადაწყდება ისინი და საბოლოოდ როგორ აისახება საარჩევნო კოდექსში, ეს შემდგომ კონსულტაციებზეა დამოკიდებული.
შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოხდა შეთანხმება ერთ მთავარ საკითხზე - საჭიროა გაიმართოს ანალოგიური კონსულტაციები არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ექსპერტებისა და უცხოელი კონსულტანტების მონაწილეობით.
"ჩვენი ამოცანა მკაფიოა: გვინდა რომ მომავალ არჩევნებთან, კერძოდ, ამომრჩეველთა სიების სიზუსტესა და მოქალაქეთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც ნებისმიერი მანიპულაციის, მათ შორის სიების თემით, შესაძლებლობას გამორიცხავს, ამავდროულად, ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს დაარწმუნებს, რომ მომავალი არჩევნები მართლაც სამართლიანი და პატიოსანი იქნება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შემდეგი კონსულტაციები ორშაბათს, 28 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მიღება გადაიდება