ქართულმა მედიამ ძებნილი, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძის ვენაში გადაღება მოახერხა. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბიწაძე მეუღლესთან, ნინო ბურჯანაძესთან და შვილთან ერთად სასტუმრო "გრანდ-ოტელში" იმყოფებოდა.
ბადრი ბიწაძე ჟურნალისტებთან საუბარს მოერიდა და კამერებისთვის თავის არიდებაც სცადა. მან უპასუხოდ დატოვა კითხვა მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებაც. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან გაქცევის შემდეგ ბადრი ბიწაძე რუსეთში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ბიწაძეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 5,6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბიწაძის ადგილსამყოფელი 26 მაისის შემდეგ უცნობი იყო.