ოკუპირებულ აფხაზეთსა და ტუვალუს შორის რაღაც დოკუმენტის გაფორმება არალეგიტიმური და უკანონო ქმედებაა, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ტუვალუს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
"რუსული და აფხაზური პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუვალუს პრემიერი იმყოფებოდა აფხაზეთში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტად და რაღაც დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რა თქმა უნდა ეს არის არალეგიტიმური და უკანონო ქმედება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე. ამდენად ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იგი რეალობას ვერანაირად ვერ შეცვლის. სამწუხარო ფაქტია, რომ ტუვალუსთან ცოტა ხნის წინ საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენს რეზოლუციას ლტოლვილების დაბრუნების და მათი უფლებების თაობაზე. ამდენად, საკმაოდ გასაკვირი და სამწუხარო ფაქტია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, ეს ფაქტები მიუთითებს, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს რუსეთი აღიარების ყიდვის, შანტაჟის, ზეწოლის კუთხით.
წყნარი ოკეანის სახელმწიფომ სახელად - ტუვალუმ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
ერთოვლივ განცხადებას აფხაზეთსა და ტუვალუს შორის 18 სექტემბერს სოხუმში მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი სეპარატისტთა მხრიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ და ტუვალუს პრემიერ-მინისტრმა ვილი თელავმა მოაწერეს ხელი.
ტუვალუ - წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულოვანი სახელმწიფოა. სულ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და ვანუატუს. მათ რიცხვს კი უკვე ტუვალუც შეემატა.