„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში ჩავიდნენ. ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ადგილობრივებისგან აქტუალური პრობლემები მოისმინეს. ქდმ-ს ინფორმაციით, ხალხს პირველ რიგში, ბუნებრივი აირის და გზის საკითხები აწუხებთ. ასევე, საუბარი შეეხო ჰიბრიდული სიმინდის პროგრამას, რომელმაც ლევან ვეფხვაძის თქმით, გლეხების მოლოდინი მინიმალურადაც ვერ გაამართლა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატები" ტყვირის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ და საჩუქრად ფორტეპიანო გადასცეს.
„ჩვენ აქ თვალნათლივ დავინახეთ ის პრობლემა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მთელს საქართველოში აქტუალურია. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ბაგა-ბაღები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს და მომავალი თაობის აღზრდაზე მზრუნველობა სახელმწიფომ აიღოს. საბედნიეროდ, თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში, სააბავშვო ბაღებში სწავლა კვლავ უფასოა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და საჭიროა როგორც შენობების რემონტი, ისე ინფარსტრუქტურის განახლება"-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატებმა" ცვლილების ანტიკონსტიტუციურობის მოტივით, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სკოლამდელ აღზრდას საქართველოში სახელმწიფო უზრუნველყოფს.