ბატონო პრეზიდენტო, თქვენო ბრწყინვალებავ, პატივცემულო დელეგატებო!
დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის სახელით, სიტყვით გამოვიდე გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე პლენარულ სხდომაზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა - ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა ისტორიის ყველაზე შემზარავი დანაშაულებისა და კაცობრიობის კონფრონტაციის უნარის გამო, ისევე როგორც ამ დანაშაულების შედეგების დაძლევის საშუალება.
ეს უნიკალური ადგილია იმისთვის, რომ ერთმანეთს ჩვენი მსოფლმხედველობა გავუზიაროთ და და კაცობრიობის მომავალზე ვიმსჯელოთ.
ფრიდრიხ შელინგის სიტყვები რომ გამოვიყენოთ - „ზეციური მწვერვალი და ქვესკნელი" არის ის რადიკალური განსხვავება, რომელიც სიმბოლურად მიესადაგება ორ მნიშვნელოვან თარიღს, რომლებსაც წელს აღვნიშნავთ.
ოცი წლის წინათ, დაიშალა საბჭოთა კავშირი. დატყვევებული სახელმწიფოების გათავისუფლებითა და შევიწროებული ხალხის ემანსიპაციით მილიონობით ადამიანის ოცნება ახდა; ბოლო მოეღო ცივი ომის ათწლეულებს და აპოკალიფსურ ბირთვულ შეჯიბრს, რამაც სათავე დაუდო საერთაშორისო ურთიერთობების ახალ ეპოქას.
საბჭოთა ეპოქის ნოსტალგიით შეპყრობილმა ერთ-ერთმა ლიდერმა საბჭოთა კავშირის დაშლას: „მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა" უწოდა - ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა.
ეს ფაქტი არც ისტორიის დასასრულია, როგორც ამაზე ზოგიერთი ანალიტიკოსი და დიპლომატი ოცნებობდა.
საჭოთა კავშირის დაშლიდან 10 წელიწადში, ანუ 10 წლის წინათ, ამავე თვეს, ამ არაჩვეულებრივ ქალაქში - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, ამჯერად, რეალური კატასტროფის მომსწრე გავხდით.
ამ ფაქტმა ყველაზე შემზარავი გზით შეგვახსენა, რომ ისტორია არ დასრულებულა და ტრაგიკული ფაქტებიც ხდება.
იმ დღეს, როდესაც ნიუ იორკის დილის ცა ერთ წამში ჩამობნელდა, ის ხალხიც, ვისაც ბალკანეთისა და კავკასიური, აფრიკული და ავღანური ომების პირქუში ათწლეულები არ ადარდებდა, იძულებული გახდა დაემსხვრია ილუზიები იმის თაობაზე, რომ გაჩნდა ახალი მსოფლიო კონფლიქტების გარეშე.
თავდასხმა ნიუ იორკსა და ვაშინგტონზე არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო თავდასხმა მათ ფასეულობებსა და ცხოვრების წესზე - დემოკრატიაზე, ინდივიდის თავისუფლებასა და ცივილიზაციაზე - სწორედ ეს იყო მთავარი სამიზნე.
11 სექტემბერი მუდამ გვახსენებს, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ რჩება ბრძოლის ველად და ბრძოლა მიმდინარეობს არა რელიგიებსა და ერებს შორის, არამედ ყველა რელიგიის, ყველა ერისა და ყველა კულტურის წიაღში.
ბრძოლაა გაჩაღებული მათ შორისაც, ვინც შენებას ცდილობს და მათ შორისაც, ვისაც დანგრევა სურს; მათ შორისაც, ვინც თავისუფლებას ირჩევს და მათ შორისაც, ვინც მის განადგურებას ცდილობს. ეს არის ნიჰილიზმისა და ცივილიზაციის იდეის ბრძოლა.
10 წლის შემდეგ, არაბულ სამყაროში მომხდარი შესანიშნავი ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რომ არ არსებობს ისტორიის არავითარი დასასრული და, ამასთანავე, არ არსებობს ცივილიზაციათა შეჯახებაც.
ამის ნაცვლად, მშვიდობის უნივერსალური გამოძახილი იქაც იზრდება, სადაც ზოგიერთებს ეს წარმოუდგენლად მიაჩნდათ და უდიდეს ძალისმევას ხარჯავენ მის ჩასახშობად.
„ზეციურ მწვერვალსა" და „ქვესკნელზე" საუბრისას, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ორი რამ ჯერაც კონფლიქტი აქვს ერთმანეთთან და ჩვენი, როგორც მსოფლიო ლიდერების მოვალეობაა ჩავერიოთ, ხმა ავიმაღლოთ და აქტიურად ვიმოქმედოთ ამ საკითხის გადასაწყვეტად.
...............
ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო დელეგატებო,
ზემოხსენებული პირველი იუბილე - საბჭოთა ტირანიის დაცემა - დღესაც ახდენს გავლენას სხვადასხვა გზით.
20 წლის წინათ, როდესაც ეს წუთი დადგა, ჩვენთვის, საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიის ყოფილი სუბიექტებისათვის - სტუდენტებისთვის, მხატვრებისთვის, დისიდენტებისთვის, ხელოსნებისთვის, კაცებისა და ქალებისთვის, მოხუცებისა და ახალგაზრდებისათვის - ეს არა ისტორიის დასასრული, არამედ ახალი ისტორიის დასაწყისი.
ჩვენი ნება კომუნიზმმა ცივ და დახურულ მუზეუმში გაყინა.
მისი დაშლით, ისტორიის კარი კვლავ გაიღო.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთდროულად კარგის და ცუდის პირისპირ ვიდექით.
საუკეთესო მდგომარეობაში კი, ის სახელმწიფოები იყო, რომლებმაც მალევე მოახერხეს ევროპის კავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.
ჩემი ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობის მსგავსად, სხვებიც არშემდგარი სახელმწიფოების წყალობის იმედად დარჩნენ, სამოქალაქო არეულობის, ომების, ეთნიკური წმენდისა და უცხო სახელმწიფოს ოკუპაციის ქვეშ.
ორი წლის წინათ, ამ ტრიბუნიდან, განვაცხადე: იმისათვის, რომ კომუნისტური წყობა წარსულში დაგვეტოვებინა, მხოლოდ ორი გზა გვქონდა - ვაცლავ ჰაველისა და სლობოდან მილოშევიჩის.
ერთი მხრივ, ეს იყო ლიბერალური დემოკრატიისა და ტოლერანტობის გზა, მეორე მხრივ კი, ავტორიტარიზმისა და ეთნიკური ნაციონალიზმის გზა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არიან ადამიანები, რომლებსაც შესისხლხორცებული აქვთ თავისუფლება და არიან ადამიანები, რომლებიც აღმართავენ მენტალურ და ფიზიკურ კედლებს.
რაც შეეხება მათ, ვინც ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებას ჯერ კიდევ ისე უყურებს, როგორც მუქარას, მსურს ვუთხრა: „ცივი ომი" 1991 წლის დეკემბერში დასრულდა - მათ არ უნდა ეშინოდეთ დემოკრატი მეზობლების, რომლებსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სურთ.
ვაშინტონსა თუ ბრიუსლში არავითარი ფარული გეგმა და ზრახვები არ არსებობს, რომელიც მათ სუვერენიტეტს უთხრის ძირს.
ცივი ომი 20 წლის წინათ დასრულდა და ნელ-ნელა, თანდათანობით, ახალი წესები მკვიდრდება, რომლებიც ჯერ კიდევ იშვიათად გამოიყენება.
თანდათანობით ტირანებს შიში ეუფლებათ, რომ ისინი პასუხს აგებენ მათსავე ჩადენილ დანაშაულზე.
დარწმუნებული ვარ, სულ უფრო ნაკლებ ტოლერანტობას გამოიჩენენ ეთნიკური წმენდის, თუ ომის დროს ჩადენილი სხვა სახის დანაშაულების მიმართ, რომლებმაც დაღი დაასვა ჩემს ქვეყანას და არა მხოლოდ მას.
არის თუ არა ეს ჩვენი, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსებობის მიზეზი?
იმისათვის, რომ სამყარო ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ, უნდა ავამოქმედოთ ყველა ის წესი, ქარტია, კანონი და პრინციპი, რომლებზეც შევთანხმდით.
დროა მივხვდეთ, რომ მსოფლიო შეიცვალა. არმიას, რომელიც, შესაძლოა, ძლიერი ჩანდეს, რეალურად, არ შეუძლია ხალხის ნების უგულვებელყოფა; ასევეა ხელისუფლებაც, რომელსაც ყველაზე დიდი ძალაუფლების შემთხვევაშიც კი, არ შეუძლია ერთპიროვნულად და თავისუფლად წაართვას ერს სუვერენიტეტი - ჩვენ ვცხოვრობთ 2011 წელს და არა 1938 ან 1968 წელს.
..................
თქვენო აღამატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო!
ახლაც, როდესაც ვსაუბრობ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი საერთაშორისო სამართლის ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით აქვს ოკუპირებული.
ახლაც, როდესაც თქვენს წინაშე გამოვდივარ, 450 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი იმის გამო იტანჯება, რომ არღვევენ მათ უფლებას (და ამ შენობაში ეს მრავალჯერ დადასტურდა) დაბრუნდნენ საკუთარ სახლებსა და სოფლებში.
მათ არ შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, რადგან მოსკოვში, იქაურმა ლიდერმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მათი სახლები აღარ ეკუთვნით მათ.
ტანკების ძალით ითელება შეუიარაღებელი ხალხის - მამაკაცების, ქალების, ბავშვების უფლებები. უფრო მეტიც, ეს ძალები დასცინის კიდეც საერთაშორისო კანონებს, სიმართლე რომ ითქვას - თითოეულ ჩვენგანს.
რა არის საერთაშორისო კანონმდებლობა თუ მასში არ აისახება ზოგადსაკაცობრიო ნება, სიბრძნე და წესები?
მსგავს ცინიზმსა და უხეშობას ჩვენ ვპასუხობთ სამართლიანობის გამოძახილით და შეუპოვარი თავდადებით მშვიდობისათვის.
გასული წლის 23 ნოემბერს მე მივმართე ევროპარლამეტს და მტკიცე პირობა მივეცი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, საქართველო არასდროს არ გამოიყენებდა ძალას.
იმის მიუხედავად, რომ გაეროს ქარტია უფლებას გვაძლევს ასე მოვიქცეთ, ჩვენ გარკვევით ვთქვით უარი სამხედრო მეთოდებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
ვალდებულებას, რომელიც ევროპული პარლამენტის წინაშე ვიკისრე, იურიდიული ძალა აქვს და შესაბამისი წერილები გავაგზავნე კიდეც როგორც გაეროს გენერალურ მდივანთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ქალბატონებო და ბატონებო, სულ მალე ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე. რუსეთის ხელმძღვანელობისგან პასუხად იგივე სამშვიდობო ჟესტს ჯერ კიდევ ველით.
სამწუხაროდ, დიალოგის ნაცვლად, პასუხი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უამრავი ტერორისტული აქტის სახით მივიღეთ. დამტკიცდა, რომ შეტევების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, უშუალოდ ხდებოდა რუსეთის საიდუმლო სამსახურების ოფიცრების მიერ.
ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ზოგიერთმა ლიდერმა ეს ჯერ კიდევ უნდა გააცნობიეროს - უნდა შეწყვიტონ ფიქრი გავლენის სფეროებზე, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ბატონობასა და ნულოვანჯამოვან თამაშებზე.
ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ემბარგო, შანტაჟი და სასტიკი დიქტატურა უკრაინის, მოლდოვისა თუ ბელარუსის წინააღმდეგ კვლავაც გრძელდება.
ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ბალტიის ქვეყნებიც კი, აწყდებიან თავიანთი დემოკრატიული პოლიტიკური ნიადაგის მანიპულირების შემთხვევებს და ნეო-კოლონიალურ თამაშებს მათ უმცირესობებთან.
ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ძველი საბჭოური ჩვევა - გააღვივოს ეთნიკური და რელიგიური სიძულვილი, კვლავ აქტუალურია.
ეს განსაკუთრებით ესადაგება ჩრდილოეთ კავკასიას, რომელიც შავ ხვრელად იქცა.
საქართველო ამ სასტიკ და სახიფათო პოლიტიკას პასუხობს საზღვრების გახსნით, ხალხის მოწვევითა და გაცვლით, დებატებითა და დიალოგით, ინფორმაციული ბლოკადების დაძლევის მცდელობით და ერებს შორის იმ მნიშვნელოვანი ხიდების აღდგენით, რომლებსაც სხვები რეგულარულად ანგრევენ.
მობილიზებულ სამხედრო ძალებს საქართველო პასუხობს იმ პროგრამებით, რომლებიც ბავშვებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამით, სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას უქმნის, ასევე ახალი სასტუმროებითა და ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ველოსიპედების გზებით, ახალი ბულვარებით.
საქართველო წარსულის მეთოდებს პასუხობს იმით, რომ სამომავლო დაპირებებს ასრულებს - ჯანდაცვის ახალი სისტემა, ასობით ახალი საავადმყოფო, უნკურნებელი სენით დაავადებულთათვის გაუმჯობესებული პროგრამები და ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის და ა.შ.
................
ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო დელეგატებო,
ცივი ომის დასრულებამ საფუძველი დაუდო შესაძლებლობების მღელვარე ეპოქას, რომელმაც შეცვალა მსოფლიო დინამიკა როგორც ტრაგიკული, ისე დადებითი თვალსაზრისით და მსოფლიო წესრიგის მუდმივი ცვალებადობა გამოიწვია.
ამავდროულად, მან გასაქანი მისცა სიძულვილს, ეთნიკურ კონფლიქტებს, მასობრივ ტერორს, გენოციდს და სხვა ზოგადსაკაცობრიო მანკიერებებს.
მან ასევე დააჩქარა გასაოცარი ემანსიპაციები.
წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირს დღესაც რომ ეარსება როგორც გლობალურ მოთამაშესა და გლობალურ მუქარას ყველა კონტინენტისთვის, აღმოსავლეთ ევროპაში ფერადი რევოლუციები ვერ მოხდებოდა, აზია ვერ მიაღწევდა განვითარების უმაღლეს დონეს, აფრიკაში ვერ დაიწყებოდა დემოკრატიზაციის პროცესი, უფრო მოგვიანებით კი, წარმოუდგენელი იქნებოდა „არაბული გაზაფხული".
1991 წლიდან ისტორია უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა და რყევა „ზეციურ მწვერვალებსა და ქვესკნელს" შორის გაძლიერდა, როგორც ამას შელინგი ამბობდა.
მართლაც, ვის შეეძლო წარმოედგინა შორეულ ქალაქ სიდი ბუაზიდში, 26 წლის ტუნისელი მოჰამედ ბუაზიზის სასოწარკვეთილი ქმედების გლობალური შედეგები?
უცნობ ადგილზე, ერთი ღარიბი კაცი, რომლის უფლებებიც უარყო შეუვალმა პოლიციამ თავს წირავს, როგორც ეს 1968 წელს იან პალაკმა რუსული ტანკების წინაშე გააკეთა.
ქალბატონებო და ბატონებო, სასოწარკვეთილების ამ განსაცვიფრებელმა ქმედებამ მსოფლიო, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა.
ზოგიერთი დიქტატორი ციხეში ზის, ზოგიც გაიქცა, დაინგრა ის რეჟიმები, რომლებსაც მანამდე შეურყევლად მიიჩნევდნენ და ახალი კონსტიტუციები და წესები ჩნდება.
მთელ რეგიონი და კულტურა, რომელსაც დემოკრატიისთვის უსარგებლო სუბიექტის სამარცხვინო იარლიყი ჰქონდა მიკერებული, მსოფლიოს თავისუფლების წარუშლელი გაკვეთილები ჩაუტარა.
მსგავსი ისტორიული ამოფრქვევები ყოველთვის მოულოდნელად ხდება.
საჭირო გახდა შეგვეძინა რადიკალური „განცვიფრების" შეგრძნება - ჩვეული სქემებიდან, ცრურწმენებისა და დოგმებისგან რადიკალური ემანსიპაციის სრული უგულებელყოფა, რასაც არისტოტელე მიიჩნევდა ფილოსოფიის საწყისად, ჭეშმარიტი სიბრძნისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად.
ძალიან ცოტამ თუ განჭვრიტა რევოლუციები, რომელთა ტალღამ 1989 წელს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას გადაუარა, ასევე ფერადი რევოლუციები, რომელიც 15 წლით გვიან მოხდა.
ასევე, უფრო ნაკლებს თუ წარმოედგინა ტუნისში, კაიროში, ბენღაზში და ტრიპოლში განვითარებული მოვლენები.
თავისუფლების პოპულარული გამოძახილი, რომელმაც 2011 წელს მსოფლიო შეარყია, საუკეთესო პასუხია იმ სიძულვილზე, რომელმაც 10 წლის წინათ ამ ქალაქზე თავდასხმა განაპირობა.
როდესაც მოსახლეობა ირწმუნებს, რომ მას აქვს უფლება იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, დახელოვდეს საკუთარ საქმეში, გაზარდოს შვილები, გაახმიანოს თავისი იდეები და შეძლებს პრობლემების გადალახვას, ტერორისტებს შეეზღუდებათ სივრცე გადაბირებისთვის, ხოლო დემაგოგებს - ეთნიკური სიძულვილის გაღვივების წყარო.
უკანასკნელი დეკადების განმავლობაში მშვიდობის დასაცავად ისევ აუცილებელია ალ ქაედას წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო სადაზვერვო და სამხედრო თანამშრომლობა.
ვამაყობ, რომ საქართველომ საერთაშრისო ძალისხმევაში ავღანეთში უფრო მეტი წვლილი შეიტანა, ვიდრე ევალებოდა.
მე ვამაყობ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც საერთაშორისო სიძულვილის დასამარცხებლად ყოველგვარ რისკზე მიდიან და მინდა პატივი მივაგო მათ, ვინც ბრძოლის ველზე დაიღუპა.
მე ვამაყობ ჩვენი პოლიციით, რომელიც ბირთვული იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის.
მე ვამაყობ, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებას არა უბრალოდ სარგებლობს, არამედ უზრუნველყოფს კიდეც.
მე ვამაყობ ყოველივე ამით, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მხოლოდ სამხედრო ძალითა და პოლიციის საშუალებით ექსტრემიზმის დაძლევა და ტერორიზმის აღმოფხვრა შეუძლებელია.
ტერორიზმისა და ექსტერმიზმის დაძლევა მსოფლიოში მხოლოდ თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებით, ასევე კეთილდღეობის უზრუნველყოფით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ მივესალმებით პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ რუზეფის მიერ წამოწყებულ ღია მთავრობის ინიციატივას.
მსოფლიომ უნდა უპასუხოს თავისუფლებისა და სამართლიანობის უნივერსალურ გამოძახილს და მხოლოდ კოორდინებულ პასუხს შეუძლია განაპირობოს ჩვენი საერთო, გრძელვადიანი უსაფრთხოება.
საქართველო კიდევ ერთხელ არის მზად, რომ შეიტანოს უფრო დიდი წვლილი ამ საერთაშორისო ძალისხმევაში.
ჩვენი პოსტ-რევოლუციური რადიკალური გარდაქმნების გამოცდილება, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში მივიღეთ, ახლადგათავისუფლებულ მიწებს დიდად წაადგება.
2003 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, მომაკვდავი ეკონომიკითა და გაბატონებული კორუფციით.
2003 წელს მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი.
ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა იმ ქვეყნის მართვა, რომელიც თავზე გვენგრეოდა და თანაც ამის კეთება მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევდა.
ჩვენ მალე აღმოვაჩინეთ, რომ სლოგანები, ვარდები, დროშები და დოქტრინები - საშუალებები, რომელსაც ჩვენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ვიყენებდით, საკმარისი აღარ იყო.
მალევე აღმოვაჩინეთ ისიც, რომ რევოლუცია მხოლოდ ქუჩაში ხალხის შეკრებას არ ნიშნავს - ის რეფორმების გრძელ და რთულ პროცესს მოიცავს, რომელიც რევოლუციურ ტალღას მოყვება.
ეს უმთავრესი გამოწვევაა, რომელის წინაშეც ამჟამად ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია დგას.
ძალზე ამაღლებული განწყობა გეუფლება, როდესაც ხედავ კადრებს იმის შესახებ თუ როგორ აღნიშნავს ხალხი გამარჯვებას ტაჰირის მოედანზე, ან როგორ ცეკვავენ ლიბიის მოქალაქეები კადაფის სასახლეებში, მაგრამ არაბული რევოლუციების წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას გააკეთებენ რევოლუციის ლიდერები მას შემდეგ, რაც მთელი რიგი დასავლური ტელეარხები - CNN, BBC და Al Jazeera შეწყვეტენ ამ მოვლენების გაშუქებას.
ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ჩვენი გამოცდილება - წარმატებებიც და ხარვეზებიც - შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს.
რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა, ძალიან გაგვიჭირდა და ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა გასაოცარი შედეგებიც.
ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოში, ჩვენ სრული შემადგენლობით გავათავისუფლეთ საგზაო პოლიციის თანამშრომლები. ქართველები მათ გარეშე სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ. გასაოცარია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, დანაშაულის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. რატომ?
ეს მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დანაშაულის უმეტესობაზე პოლიცია იყო პასუხისმგებელი, არამედ იმიტომ, რომ ხალხმა იგრძნო - ის არის საერთო საზოგადოებრივი მისიის აქტიური ნაწილი. სწორედ მათ აქვთ პრივილეგია იცხოვრონ ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი ხდება, როდესაც ღირებულება პოლიტიკის საფუძველია და გიჩნდება განცდა, რომ თავადვე ქმნი საკუთარ მომავალს.
სწორედ ეს შეგრძნებაა ჭეშმარიტი მამოძრავებელი ისტორიისა და ჩვენი საუკეთესო მოკავშირე ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
მუდმივი რეფორმების მკაფიო ნიშნულის წყალობით, საქართველოში ეს გრძნობა დღემდე შევინარჩუნეთ.
პოლიციასა და სახელმწიფო სტრუქტურებში განხორციელებული რადიკალური ცვლილებებისა და მოსახლეობის დამსახურებით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გარდაქმნის პროცესში და თავს ამ გარდაქმნების მესვეურად მიიჩნევს, Transparency International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანამად, 2003 წლის შემდეგ, საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია.
ინვესტორებისთვის ძალზე ხელსაყრელი გარემო შევქმენით, რაც ეფექტიანობას, გამჭვირვალობასა და კანონის უზენაესობას ეფუძნება. შედეგად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ.
2011 წლის EBRD-ის კვლევის მიხედვით, განვითარებული ევროპული ქვეყნების მსგავსად, ინსტიტუტების შენების თვალსაზრისით, ჩვენს რეგიონში საქართველო გამოირჩევა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა.
გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
რეფორმების პროცესისა და დემოკრატიის შენების გასაგრძელებლად არასდროს ვყოფილვართ ისეთი თავდადებული, როგორც დღეს, როდესაც ჩვენი დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით ტანკის ლულები გვაქვს დამიზნებული.
რა თქმა უნდა, გზა ეფექტური დემოკრატიული მმართველობისკენ რთულია, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა.
რა თქმა უნდა, ხალხი იქნება სულსწრაფი და, შესაძლოა, იმედგაცრუებულიც, მაგრამ თავისუფლების ამ გამოძახილს ალტერნატივა არა გააჩნია.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ გამოძახილის მხარდაჭერა და მათი დაფრთხობა, ვისაც მისი ჩახშობა სურს.
სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ნატოს, როდესაც ის ლიბიაში განვითარებული მოვლენების დროს ჩაერია, რაც, თავის მხრივ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა იყო.
ის ფაქტი, რომ ეროვნული გარდამავალი საბჭო (NTC) ახლა ამ დარბაზში ზის, იმედიმომცემია.
ეს ძალისხმევა გაეროს უშიშროების საბჭომ მოიწონა და ეს ფაქტი, ადასტურებს იმას, რომ ამ ინსტიტუტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში.
............................
ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო დელეგატებო,
ის ორი თარიღი, რომლებსაც ამ თვეში აღვნიშნავთ - საბჭოთა იმპერიის დაცემიდან 20 წლისთავი და 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 10 წლისთავი - მთავარ შეკითხვას ბადებს: ახალი სივრცეები, რომლებიც მსოფლიოში ბოლო 20 წლის განმავლობაში დიქტატორების დამხობისა და ახალი ტექნოლოგიების გავრცელების დამსახურებით გაჩნდა, შეივსება თუ არა მშვიდობით, ძალადობის ნაცვლად; ტოლერანტობით, ექსტრემიზმის ნაცვლად და თავისუფლებით, მონობის ახალი ფორმების ნაცვლად?
ჩვენს თაობას ისტორია იმის მიხედვით განსჯის, თუ როგორ ვუპასუხებთ ამ შეკითხვას, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპარეზზე:
• იმ ადგილებში, რომლებსაც ხალხი შეურაცხმყოფელად უწოდებს "გაყინულ კონფლიქტებს" ჩემს რეგიონში და მასთან ახლოს;
• საერთაშორისო თანამეგობრობის იმ ქვეყნებში, რომლებშიც ტირანია ბატონობს;
• და იმ არაბულ სახელმწიფოებში, რომლებმაც „თვისუფლების გაზაფხულს" მიაღწია და რეფორმებზე მუშაობის რთულ პროცესს იწყებს.
აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც განაცხადა „არაბული გაზაფხულის" ერთ-ერთმა ბრწინვალე შუქურამ, Google-ის ეგვიპტელმა მესვეურმა ვაელ გონიმმა, რომელმაც მობილიცია გაუკეთა და ერთმანეთთან დააკავშირა თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი.
მან თქვა, რომ იმის მსგავსი ახალი რევოლუციები, როგორიც გამოვლილი აქვს, ცოტათი ვიკიპედიას გვანან - დიდი, გახსნილი და გაშლილი პროექტები, რომლებშიც ყველას შეუძლია წვლილის შეტანა და საბოლოო პროექტის მასშტაბი დამოკიდებულია თითოეულის მიერ შეტანილ წვლილზე.
თავისუფლების მისაღწევად შესასრულებელ ახალ სამუშაოებში, საყოველთაო მონაწილეობა და წვლილის შეტანა ჩვენც მოგვეთხოვება. როგორც ერების ლიდერებს, ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესში დიდი წვლილი შევიტანოთ და ეს უნდა გავაკეთოთ კიდეც.
მოდით, ავმაღლდეთ ამ ისტორიული აუცილებლობისთვის. მოდით, ერთად შევიტანოთ ამ საქმეში წვლილი, რათა თავი ავარიდოთ "ქვესკნელს" და გეზი "ზეციური მწვერვალებისკენ" ავიღოთ.
გმადლობთ.