საფრანგეთმა ავღანეთიდან თავისი სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანა დაიწყო. ფრანგი სამხედროები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" საფრანგეთის გენშტაბის პრესმდევანზე ტიერრი ბიურკარზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საფრანგეთი ოქტომბრის ბოლომდე 200 სამხედრობდე გაიყვანს", _ განაცხადა ბიურკარმა და აღნიშნა, რომ ამით პარიზი იწყებს იმ გეგმის შესრულებას, რომლის შესახებაც განცხადება მიმდინარე წლის ივლისში ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააკეთა და რომელიც 2012 წლის ბოლომდე ავღანეთიდან 1000 სამხედროს გაყვანას ითვალისწინებს.
ფრანგი სამხედროების კონტიგენტი ავღანეთში ამჟამად 4 000 ადამიანს შეადგენს. 2001 წლის დასაწყისიდან ანუ ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სულ ფრანგული კონტიგენტის 75 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
საფრანგეთი, ისევე როგორც აშშ თავისი სამხედრო კონტიგენტის გაყვანას ავღანეთიდან 2014 წლისათვის აპირებს.