რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი საქართველოს დეოკუპაციას არ უკავშირდება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ის გადაცემაში "ძიება ნიშნავს ბიზნესს" საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის თქმით, თუ რუსეთი დააკმაყოფილებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც ეს ორგანიზაცია უყენებს, მაშინ ის მისი წევრი გახდება.
"ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და არ ვაპირებთ დავუკავშიროთ საქართველოს დეოკუპაციას. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინტერესები, ისევ როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ რუსეთი იყოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს იმ მოთხოვნების მინიმუმი, რომელსაც ეს ორგანიზაცია ითვალისწინებს და შექმნას გარანტიები, რომ ვაჭრობა საქართველო-რუსეთს შორის იქნება გამჭვირვალე. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები. იდეალური შემთხვევა იქნებოდა თუკი საზღვარზე ქართველი მებაჟეები იქნებოდნენ. როგორც ჩანს ეს ამ ეტაპზე მიუღებელია რუსეთისთვის ", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, საქართველოს არ სურს ვინმეს დაპირისპირება რუსეთთან ან რუსეთის გაზრახ გაღიზიანება.
"მნიშვნელოვანია ობიექტური ფაქტების აღიარება და აქედან გამომდინარე ძალიან ვაფასებთ სენატის უკანასკნელ რეზოლუციას, რომელიც მიიღეს ერთ ხმად და სცნეს საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის უკანონო ოკუპაცია რუსეთის მიერ. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები, რომელიც პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით გაფორმდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხში გვინდა დინამიკა, რათა რუსეთმა დაიწყოს დეოკუპაცია, თავისი ჯარების გაყვანა, განაგრძოს დიალოგი და მოვახდინოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.