"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" სპეციალური განცხადებით მიმართავს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს. რომ ქართველი ხალხი არ ეგუება და არ შეეგუება ქვეყანაში ერთპარტიული პოლიტიკური სისტემისა და რეპრესიული დემოკრატიის გაგრძელებას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოს პარლამენტში ხდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიცირება და როდესაც მათი კოლეგები პოლიტიკური ოპოზიციიდან, ერთგვარი მორცხვი დუმილითა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ინიციატივებით აგრძელებენ ქვეყანაში საარჩევნო ფარსის გათამაშებას, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გაჩნდა კიდევ ერთი მოლოდინი _ ვენეციის კომისიის მოსალოდნელი დასკვნის შესახებ.
"დღეს, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ერთ-ერთი ყველაზე პოპილარული და გავლენიანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, სპეციალური განცხადებით მიმართავს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, რომ: ქართველი ხალხი არ ეგუება და არ შეეგუება ქვეყანაში ერთპარტიული პოლიტიკური სისტემისა და რეპრესიული დემოკრატიის გაგრძელებას. არ შეეგუება საქართველოში დღემდე გაბატონებულ და მოქმედ პრინციპს, რომ "ხელისუფლებამ უნდა წარმოშვას ახალი ხელისუფლება" და ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში პრინციპულად და უალტერნატივოდ აყენებს ხელისუფლების შეცვლისა და ქვეყანაში მრავალპარტიული, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნის საკითხს, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლების დაბრუნებისათვის; სოციალური სამართლიანობის, ქვეყანაში სოციალური წონასწორობის აღდგენისათვის; ჩვენი მოსახლეობის უკიდურესი სიღატაკიდან გამოყვანისა და მათთვის საყოველთაო კეთიდღეობის მოპოვებისათვის; თავისუფალი მედიის, თავისუფალი ბიზნესის, თავისუფალი სასამართლოს, თავისუფალი არჩევნების დამკვიდრებისათვის; ქვეყნის სახლემწიფოებრივი გამთლიანებისათვის", - განაცხადა კირთაძემ.
ლეიბორისტები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ გაეცნონ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ინიცირებულ საარჩვენო პრინციპებსა და ინიციატივებს.
"ამ ინიციატივების არ გაზიარების შემთხვევაში საქართველოში არავითარი თავისუფალი არჩევნები არ შედგება; ხელისუფლება არ შეიცვლება და რეპრესიული დემოკრატია ძველი ინერციით გაგრძელდება, რაზედაც პასუხისმგებელია დემოკრატიული დასავლეთი, მათ შორის, ევროპის საბჭო და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია. კერძოდ: არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის; გაუქმდეს არჩევნების მაჟორიტარული სისტემა, რომელიც წარმოადგენს წყაროს ელიტარული კორუფციისა და იქმნება ხელისუფლებისადმი პოლიტიკური ერთგულების ნიშნით; საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიების პარიტეტული პრინციპით; საჭიროების შემთხვევაში მოხდეს საარჩევნო ყუთების გახსნა და ხმების ხელახალი გადათვლა; საარჩევნო დავების აპელაცია განიხილოს საერთაშორისო ორგანიზაციბის მიერ დაკომპლექტებულმა სპეციალურმა სააპელაციო კომისიამ", - განაცხადა კირთაძემ.
მისი თქმით, "ლეიბორისტული პარტიის" მიერ ინიცირებული საარჩევნო პოლიტიკური პრინციპები და ინიციატივები უკვე გააცნეს ეუთოს გენერალურ მდივანს და ვენის ოფისს; ნატოს ბერლინის მინისტერიალს და ბრიუსელის ოფისს; სოცინტერნის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს და ლონდონის ოფისს. "ლეიბორისტები" უახლოეს დღეებში სპეციალური განცხადებით მიმართავენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და ჰილარი ქლინთონს.
"ეს სპეციალური განცხადება დღესვე იგზავნება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში და ჩვენ უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიის პრეზიდენტისაგან ველოდებით დასკვნებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ საარჩევნო ინიციატივებთან და პრინციპებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი უფლება და ჩვენი ვალდებულება, რომ ერთპარტიული რეჟიმისაგან მიტაცებული ძალაუფლება კვლავ დავუბრუნოთ ხალხს და სწორედ ქართველ ხალხს მიეცეს სუვერენული უფლება შეცვალოს ხელისუფლება და თავადვე აიღოს პასუხიმგებელობა მათი შვილების, მათი ოჯახების და ქვეყნის სახელმწიფოებრივ მომავლაზე", - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანა.