გაერო-ს 66-ე ასამბლეის გენერალური დებატების კვირის ფარგლებში , საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილეს, ლინ პასკოს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და მილიტარიზაციის საკითხს.
შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში გაერო-ს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.
ნიუ-იორკში მიმდინარე 66-ე ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციაც იმყოფება.