ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტს აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში გლობალურ ურთიერთობათა ჩიკაგოს საბჭოს მიწვევით, ვიცე-პრემიერმა საპატიო სტუმრის სტატუსით საბჭოს წევრებს მიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩიკაგოს მაღალი აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საზოგადოებრივ-სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური და ბიზნესელიტა.
ბარამიძემ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ, დემოკრატიული ინსტიტუტების, ანტიკორუფციულ, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის, განათლების, პოლიციის, სასამართლო, კულტურის, ბიზნესისა და სხვა სფეროებში წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაუსვა 2012 წლის ნატოს ჩიგაკოს სამიტის მნიშვნელობას, აღნიშნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. ბარამიძემ ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის შეუქცევად ნებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტია.
ჩიგაკოს საბჭოს წევრებმა ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადეს საინტერესო მოხსენებისთვის და საქართველოს მაქსიმალური პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა აღუთქვეს, მათ შორის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაღრმავების მხრივ.
ვიზიტის ფარგლებში ბარამიზე ქალაქ ჩიკაგოს ვიცე- მერს, მარკ ანგელსონს შეხვდა. ვიცე-მერმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქალაქის მერი და მისი გუნდი მზად არიან, საქართველოში ჩიგაკოს ყველაზე მსხვილ ბიზნესმენთა ჯგუფი მიავლინონ და სტიმულირება გაუწიონ ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ბარამიძემ მადლობა გაუდახადა მარკ ანგელსონს აქტიური მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართულ-ამერიკულ პოლიტიკურ და ბიზნეს ურთიერთობა განვითარების აუცილებლობას. ჩიკაგოს ვიცე- მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო სახელმწიფოა არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის კონტინეტზე, ასეთ მოკლე დროში წარმატებული დემოკრატიული გარდაქმნების გამო.