"ქართველთა მარში" 27 სექტემბერს 16:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება. როგორც დღეს ჟურნალისტებს ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა, მომიტინგეები მსვლელობას რუსთაველის მოედანზეც გამართვენ.
"ყოფილი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელსაც ახლა ვარდების მოედანს ეძეახიან, მშვიდობიანი აქცია რუსთაველზე გადაინაცვლებს, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. სამებაში პარაკლისს გადავიხდით, აფხაზეთში დაღუპული ადამიანების სულისთვის, ამასთან ჯვართამაღლებასაც მიულოცავთ ერთმანეთს",- განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.
"პოლიტიკურ გამოსვლებსა და რაიმე სახის დოკუმენტის მიღებას არ ვაპირებთ. ჩვენ დავაფიქსირებთ იმ პროტესტს, რომელიც წლების მანძილზე დაგვიგროვდა. გავაპროტესტებთ ქვეყნის სინგაპურიზაციას, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავაფიქსირებთ, რომ საქართველო სოხუმისა და ცხინვალის დაკარგვას არ შეურიგდება",- დასძინა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ფორუმის მიერ ინიცირებული აქცია იმავე დღეს დასრულდება.