მონაკოს პრინცის ალბერ მეორის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მან ქვეყანა რამდენიმე საათის წინ დატოვა.
ალბერ მეორემ ამ ვიზიტის დროს საქართველოს ისტორიული კუთხეები მოინახულა და დმანისის არქეოლოგიურ გათხრებსაც დაესწრო. სამი დღის განმავლობაში მონაკოს პრინცმა ბათუმი, კახეთი, სვანეთი და თბილისი დაათვალიერა. ვიზიტის ბოლო დღეს, პრინცმა თბილისში, აბანოთუბანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და დედაქალაქის ძველ უბანში აღმოჩენილი უნიკალური სამარხების ისტორია მოისმინა. რიყე, ნარიყალა, აბანოთუბანი და რეაბილიტირებული ვიწრო ქუჩები პრინცმა თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად დაათვალიერა.
"აქ არაჩვეულებრივი გარემო და თვალწარმტაცი სილამაზეა. მნიშვნელოვანია ისტორიული შენობების შენახვა და მოვლა. ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი ადგილია. თბილისმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა", - განაცხადა ალბერ მეორემ.