სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პოზიციას გააცნობს იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი გარდა ქვეყნის უსაფრთხოებისა, ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრებს.
"საქართველოს პრეზიდენტი შეეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებსაც. საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით აღსანიშნავია პრეზიდენტის ვიზიტი ნიუ-იორკში. მოგეხსენებათ რომ მისი ვიზიტი დღეიდან დაიწყო. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ჩანიშნულია შეხვედრები შვეიცარიის, ფინეთის, ლიტვის და ლატვიის სახელმწიფოს მეთაურებთან. ასევე ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბოლივიის, მონღოლეთის და ნიგერიის პრეზიდენტებთან.
"პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ ინიცირებულ ღია მთავრობის თანამშრომლობის ინიციატივაში. ინიციატივას ცოტა ხნის წინ საქართველოც შეუერთდა. დღესვე აღსანიშნავია, რომ ჩანიშნულია პრეზიდენტისა და ბილ კლინტონის შეხვედრა ნიუ იორკში, მაგრამ ეს არ არის შეხვედრების სრული ჩამონათვალი. დაგეგმილია ბევრი ინტერვიუ და პრეზიდენტს არაერთი შეხვედრა ექნება ამერიკელი მედიის წარმომადგენლებთან და წამყვან ჟურნალისტებთან", - განაცხადა მანჯგალაძემ.