ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს 66-ე გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების კვირის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. გრიგოლ ვაშაძემ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე, რეგიონების შემდგომ მილიტარიზაციის პროცესზე, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი და ჟენევის მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში გაერო-ს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.