დღეს, 20 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის საზეიმო გახსნა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დელეგაციები საკმაოდ წარმომადგენლობითია. გაეროს გენერალური ასამბლეა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ უფრო გააფართოოს და გააღრმაოს დიპლომატიური ურთიერთობები გაეროს წევრ ქვეყნებთან.
"ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს. საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება საგარეო უწყების დელეგაცია აღნიშნულ სესიაზე, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები გაეროს წევრ ქვეყნებთან. პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მრავალი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სესიის ფარგლებში ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, 20 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის საზეიმო გახსნა მოხდება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
"ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის შექმნის იდეა ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტისგან მოდის და ის გულისხმობს დემოკრატიული სახელმწიფოების ერთ ქუდ ქვეშ მოქცევას. ინიციატივაში მოწვევა მოუვიდა საქართველოსაც, რომელსაც საქართველო გასულ კვირას ოფიციალურად შეუერთდა. საზეიმო გახსნას პრეზიდენტიც დაესწრება", - აღნიშნა კალანდაძემ.
გაეროს გენერალური ასამბლეა 19 სექტემბერს დაიწყო და 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.