საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის გამო ფართომასშტაბიანი აქციებს გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციიდან აცნობეს, აქციების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ხვალ, 19 სექტემბერს 11:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე, ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიაწვდის.
ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატთა პროფესიული სოლიდარობის აქციების დაწყების დეტალურ გეგმა და თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.
"16 სექტემბერს მოწვეულ იქნა ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის საგანგებო სხდომა, სადაც განიხილეს ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილს სდევნიან თავისი პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებისათვის ანუ მოგებული საქმისათვის", - იუწყება ასოციაცია.
ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, ადვოკატთა კორპუსის დევნა უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს.
"მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა, გრძელდება ადვოკატთა ტერორი. ირღვევა როგორც ადვოკატის, ასევე მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უფლებები. საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ დაიწყოს ფართო მასშტაბიანი აქციები და გამოსვლები", - იუწყება ასოციაცია.