"როცა ჩვენი მთავარი ბუნებრივი დაცვა, ჩვენი კარიბჭე - კავკასიონის ქედი - გადმოლახული აქვს დამპყრობელს, ჩვენ არც ერთს არ გვაქვს უფლება, წყნარად გვეძინოს, იმიტომ, რომ ეს კედელი მოგვცა ღმერთმა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის ეროვნული განახლებული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მე ვიყავი სტეფანწმინდაში, დარიალის ხეობაში, რუსეთის საზღვართან, იქ საზღვარი ბუნებრივად ვიწროვდება, ზუსტად ასე ვიწროვდება საზღვარი სარფთან და ზუსტად ასე ვიწროვდება გაგრის იქით საზღვარი ფსოუზე. ჩვენ ბუნებრივად მოგვცა ღმერთმა ეს საზღვრები. საქართველოს საზღვრები რომელიღაც კარტოგრაფის დახატული კი არ არის - არის დახატული ისტორიისა და ბუნების მიერ", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა: "ჩვენ ეს საზღვარი გადმოგვებარა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და როგორც კი ეს საზღვარი გადმოლახულია, ჩვენ ვერავინ ვერ ვიქნებით მშვიდად და რა თქმა უნდა არც მე ვარ მშვიდად".
"ჩვენ ვიცით, რომ გვმართებს სტრატეგიული მოთმინება - ეს გვასწავლა ისტორიამ, ძალიან დიდი მომზადება, ძალიან დიდი განათლება, ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება, მომზადება საერთაშორისო სიტუაციის და ძალიან კარგად აღჭურვა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.