საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში თავდაცვის ეროვნული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მიმდინარე წლის 26 მაისის მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ "არც ჯარი და არც პოლიცია პოლიტიზებული არ არის".
"როცა ქვეყნის მტერს ეხუტები და ფეხებს უკოცნი, შენ უპირისპირდები საქართველოს და არა პრეზიდენტს. როდესაც შენ გამოდიხარ და იძახი, რომ 20 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობისა არ ჩავატარებინებ ჯარს იმიტომ, რომ ჩემმა დამფინანსებელმა, რომელიც ბოღმით სკდება, რომ თბილისის ვერ აიღო 2008-ში, ფული გამოყო იმისათვის, რომ აღლუმი არ ჩაატარებინო ჯარს, შენ არ უპირისპირდები პრეზიდენტს - პრეზიდენტები ტრიბუნაზე გამოიცვლებიან, შენ უპირისპირდები შენს ქვეყანას და შენს სახელმწიფოებრიობას", _ აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ნურავის ეწყინება, თუ ჯარი და პოლიცია და საერთოდ ყველა, ვინც არის სახელმწიფო სამსახურში, ყოველთვის საქართველოს ხელმწიფოებრიობას უნდა იცავდეს და არა რომელიმე მთავრობას.
"არაფერი პოლიტიკური ამაში არ არის, იმიტომ, რომ ეს არის ის, რისი მოშლაც უნდა დღეს ჩვენს მტერს - ჩვენი დემოკრატიული სისტემა არის სწორედ ის სისტემა, რომელშიც მთავარი მოთამაშეები იღებენ მთავარ პრინციპებს, რომ მტერს არ შეიძლება გაუწვე და ფეხები აულოკო, რომ დათვს რაც არ უნდა ბაბაია უძახო - შეგჭამს და ჯობია ჯოხით ან უმჯობესია თოფით მოიგერიო. ჯობია აერიდო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა ამ საქმეს არ შველის", _ აცხადებს სააკაშვილი და შენიშნავს: " ამ შემთხვევაში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს".