ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გორში თავდაცვის ეროვნული განახლებული აკადემიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"აქედან რამდენიმე კილომეტრში დამპყრობლებმა გაიმზადეს პლაცდარმი, რომელიც რა თქმა უნდა არის პლაცდარმი დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ. მინდა ყველაფერს უფრო ფართოდ შევხედოთ - ეს ადგილი არის საქართველოს გული, ქართლის გული. მე ორივე ხელის ყველა თითი არ მეყოფა იმისათვის, რომ ჩამოვთვალო რამდენ დამპყრობელს ისტორიაში ბოლო ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდა, რომ თუ აი ეს ადგილი აიღო ესე იგი საქართველომ შეწყვიტა არსებობა. ბევრის სახელს მეც ვერ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრი დამპყრობელი აფათურებდა აქ ხელს, მოდიოდა აქ, ისინი მოდიოდნენ დარწმუნებული იმაში, რომ მოვიდნენ სამარადისოდ და აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი გაქრა და აღიგავა პირისაგან მიწისა - საქართველო კი ერთადერთი მარადიული რამ აღმოჩნდა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა: "ამიტომ, სანამ არის საქართველო ეს ადგილი იქნება საქართველო და საქართველო იქნება ყოველთვის".
"ხოლო სანამ არის საქართველო ჩვენ გვექნება აუცილებლობა მისი დაცვის ესე იგი შეიარაღებული ძალების არსებობის", _ განაცხადა პრეზიდენტმა.