გრძელდება გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში. ვიცე პრემიერ -მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ გორდონთან და მის მოადგილესთან ერიკ რუბინთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთმეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე, აშშ-ის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური საკითხების მხარდაჭერაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, განსაკუთრებით 2012 წლის ნატო-ს სამიტის ჭრილში.
შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის და აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის გამო.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ანტიკორუფციულ, პოლიციის, სასამართლო სისტემის, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში წარმატებით მიმდინარე რეფორმებზე.
გიორგი ბარამიძე საერთაშორისო კონფერენციის - „თავისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცება" ფარგლებში- მთავარი მომხსენებელია სესიაზე "დემოკრატიის წარმატების მხარდაჭერა - პარლამენტის და ხელისუფლების როლი დემოკრატიული გარდაქმნის მხარდაჭერის პროცესში", სადაც ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები არიან მიწვეული. ამასთანვე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვიცე პრემიერ მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.