საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დელეგაცია ვიცე პრემიერ- მინისტრის გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
გიორგი ბარამიძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტთან ლორნი კრანერთან და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტთან კენეტ ვოლაკთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში წარმატებით მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ახალ საარჩევნო კანონმდებლობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ წარმატებული რეფორმებითა და მიღწევებით, საქართველო დემოკრატიის წარმატების ნათელი მაგალითი გახდა არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, არამედ მის მიღმაც.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან კონრესმენ ბრაიან ჰიგინსთან და კონგრესმენ მაიკ კელისთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ აშშ-ის კონგრესს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის, ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნეს -თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.
გიორგი ბარამიძემ ასევე, ორმხრივი შეხვედრა გამართა ილინოისის შტატის სენატორ მარკ კირკთან. შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ სენატორს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.