"WikiLeaks"-ი ამერიკელ ჩინოვნიკთა და საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის შეხვედრის დეტალების ამსახველ დოკუმენტებს აქვეყნებს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ წლების განმავლობაში დიპლომატები მას რჩევას ეკითხებოდნენ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პოლიტიკის შემუშავების საკითხში.
სხვა ქართველი მინისტრებისგან განსხვავებით, მერაბიშვილს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია დე-ფაქტო რესპუბლიკების ორი ლიდერი საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მას საშუალებას აძლევდა გამოეცნო მათი ლოგიკა და მათი მომავალი ნაბიჯები მრავალი თვით ადრე, ვიდრე ეს მოხდებოდა სინამდვილეში.
შს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პირველ ეტაპზე ამერიკელი დიპლომატები, ენდობოდნენ მის მიდგომებს და ხშირად მიმართავდნენ რჩევისთვის, მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ გასატარებელ პოლიტიკას ადგენდნენ. მაგრამ მოგვიანებით მათ ეჭვი შეეპარათ მის პროგნოზებში და მერაბიშვილი "ქორების" იმ ნუსხაში შეიყვანეს, რომლებსაც პრეზიდენტზე სერიოზული გავლენა ჰქონდათ.
2007 წლის მაისში მერაბიშვილი ცდილობდა, დაერწმუნებინა აშშ-ის ელჩი საქართველოში, რომ სერგეი ბაღაფშს არ ძალუძს გარღვევის მოხდენა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. მინისტრი აცხადებდა, რომ ცვლილებები ბაღაფშის "პირადი პრობლემების გამო იყო შეუძლებელი".
"მერაბიშვილი ახასიათებდა ბაღაფშს, როგორც ბრეჟნევის ეპოქის სტანდარტულ ადმინისტრატორს, რომელსაც უკან ენერგეტიკის სფეროში საბჭოთა კორუფციული გარიგებების შლეიფი მოსდევდა, ეს კი, მერაბიშვილის განმარტებით, რუსებს ზეწოლის ბერკეტების დამატებით ამოქმედების საშუალებას აძლევდა", _ წერდა ტეფტი.
მერაბიშვილი არწმუნებდა ამერიკელ დიპლომატს, რომ ბაღაფში "არაპოპულარულ ნაბიჯებს" არ გადადგამდა და არ დაიწყებდა წლობით შექმნილი "ტრადიციების" დარღვევას აფხაზეთში და მაგალითად რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" წარმომადგენლის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა. მერაბიშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ ბაღაფშს სერიოზული პრობლემები აქვს ალკოჰოლთან დაკავშირებით, იგი ყოველდღე სვამდა და ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო. ბაღაფში, ფაქტობრივად, ჩამოსცილდა აფხაზეთის მმართველობას და ეს ფუნქცია ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს გადააბარა.
რამდენიმე წლის განმავლობაში მინისტრი უმტკიცებდა ამერიკელ დიპლომატებს, რომ სერიოზულად აღქმა ბაღაფშის სიტყვებისა იმის შესახებ, რომ იგი აფხაზეთს "ევროპის ნაწილად" მიიჩნევს, არ შეიძლება. აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერს ეს არართგზის უთქვამს დასავლელი დიპლომატებისთვის პრივატული საუბრის დროს.
როდესაც მერაბიშვილს სთხოვეს, გამოეთქვა თავისი მოსაზრება აფხაზებისთვის "ეკონომიკურ სატყუარასთან" დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ეს ცუდი არ იქნებოდა, ოღონდ 10-15 წლის შემდეგ. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს არავითარ საპასუხო ნაბიჯებს არ გამოიწვევდა.
ელჩის თქმით, მერაბიშვილი მიიჩნევდა, რომ მსგავს სტრატეგიას, შესაძლოა, ზიანიც მოეტანა: იმის გაცნობიერება, რომ ისინი სერიოზულად ჩამორჩებიან საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, შესაძლოა, აფხაზებში გაუგებრობა გამოეწვია. "ხოლო მათ რომ დახმარება აღმოუჩინო, შესაძლოა, თავისი ჩამორჩენილობა ვერ შეამჩნიონ", - აცხადებდა იგი.
ოსებთან კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა კი, მერაბიშვილის აზრით, დიმიტრი სანაკოევის მხარდაჭერაში იყო. 2007 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნიდან სულ რამდენიმე თვეში მინისტრმა მოუთხრო ამერიკელ დიპლომატს, რომ სანაკოევის გავლენა დღითიდღე იზრდებოდა და მის გუნდში ხალხი ცხინვალიდანაც გადადიოდა.
"დე-ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი საქმის კურსშია, რომ მისი პოზიციები დღითიდღე სულ უფრო და უფრო სუსტდება", _ ამბობდა მერაბიშვილი.
"მან დასძინა, რომ ნებისმიერ სხვა ვარიანტს კოკოითი ტოტალურ ომს ამჯობინებს, იმ შემთხვევაშიც კი, ამ ომში ქართველებმა რომ გაიმარჯვონ, რადგან მაშინ იგი მიიღებს გარანტიას მომავალში კონფორტული ცხოვრებისთვის რუსეთში", _ ნათქვამია წერილში.
იმ მომენტში ომი რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა, მიიჩნევდა მერაბიშვილი. იგი ეყრდნობოდა რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ხელმძღვანელის მოადგილის ვიქტორ კომოგოროვის მონაცემებს, რომელსაც მინისტრი "საქართველოს შესახებ რუსულ პოლიტიკაში არსებულ იდეათა უმრავლესობის წყაროს" უწოდებს და აცხადებდა, რომ რუსეთი არ აპირებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და იგი რეგიონში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ანიჭებდა უპირატესობას. ეს სტრატეგია, მერაბიშვილის აზრით, დასავლელ პოლიტიკოსებს საფუძველს არ აძლევდა იმისთვის, რომ მოსკოვის მხარდაჭერის იმედი ჰქონოდათ საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში.
დიპლომატიის წარმატებისა მერაბიშვილს არ სჯეროდა მაშინაც კი, როდესაც აგვისტოს ომის წინ ამერიკელმა და ევროპელმა ელჩებმა მაღალჩინოსანი აფხაზი ჩინოვნიკებისგან დაიწყეს სიგნალების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა მზაობა თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისა.
2008 წლის მაისში მეთიუ ბრაიზა - ჩინოვნიკი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხებით იყო დაკავებული, სოხუმში გაემგზავრა, რათა დე-ფაქტო ხელმძღვანელობის წინადადებები მოესმინა. პირველი, ვისაც მან აფხაზების პირობები გააცნო, მერაბიშვილი იყო. ბრაიზა ცდილობდა, დაერწმუნებინა მინისტრი, რომ ასეთი სახის დიპლომატიური ძალისხმევა შესაძლოა წარმატებულიც აღმოჩენილიყო," მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, მერაბიშვილის პასუხი იგივე იყო".
"მან განაცხადა, რომ აფხაზები სრულიად კმაყოფილნი არიან იმით, რომ რუსული ინვესტიციები მათ ფულის გამომუშავების დამატებით წყაროს მოუტანენ. რომც ვივარაუდოთ, რომ მრავალ ჩვეულებრივ ადამიანს რუსეთის დიდძალი ინვესტიციების ეშინია, აფხაზეთში მხოლოდ 100-200 ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს და ამ ადამიანებმა დამატებითი შესაძლებლობები რომ მიიღონ, ისინი ბედნიერნი იქნებიან, ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია", _ ამბობდა მერაბიშვილი და აღნიშნავდა, რომ მრავალ აფხაზს მეგობრები ჰყავს რუსეთში, აფხაზი ახალგაზრდობა ოცნებობს, ისწავლოს მოსკოვში და არა პარიზში ან ლონდონში და რეალური ცვლილებები მხოლოდ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური ვარდნის დროს არის მოსალოდნელი".
ამაზე ბრაიზამ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკას აფხაზეთის მოსახლეობა იზოლაციისკენ და რუსეთისკენ მიჰყავს. მან მოუწოდა მერაბიშვილს, შეისწავლოს სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნისა და განვითარების პროექტების საკითხი.