საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროინტეგრაციის, საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ, და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა და სამართლებრივმა დეპარტამენტებმა.
"კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამართლებრივი ბაზის მიმდინარე მდგომარეობა. შეხვედრებზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროკავშირთან ურთიერთობებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობას. კონსულტაციების მიმდინარეობისას, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების გაგრძელების აუცილებლობა", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.