ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ვაშინგტონში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში - „თავისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცება".
გიორგი ბარამიძე მთავარი მომხსენებელია სესიაზე "დემოკრატიის წარმატების მხარდაჭერა - პარლამენტისა და ხელისუფლების როლი დემოკრატიული გარდაქმნის მხარდაჭერის პროცესში".
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ჯონ ჰოპკინსის სახელობის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრში, სადაც მთავარი მომხსენებელია თემაზე „საქართველოს ნატო-ს წევრობის პერსპექტივები - გასავლელი გზა".
გამოსვლებში გიორგი ბარამიძე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში დემოკრატიულ, ანტიკორუფციულ, განათლების, ეკონომიკურ, სასამართლო, სოციალურ და სხვა სფეროებში წარმატებით მიმდინარე რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს წარმატებული დემოკრატიული გარდაქმნის საფუძველი შექმნეს და ამასთანავე, ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას აახლოებენ.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ეროვნულ-დემოკრატიული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების პრეზიდენტებთან, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე გიორგი ბარამიძე საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა საკითხებსა და 2012 წლის ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ჭრილში საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ვიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია გიორგი ბარამიძის შეხვედრები რამოდენიმე შტატის გუბერნატორთან, ადგილობრივი სენატისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ადამინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელთან.
მასალის გამოყენების პირობები