საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც ნატოს წევრები გახდებიან. ეს განცხადება სააკაშვილმა გაზეთ "სეგოდნიასათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოც და უკრაინაც ჩრდილოატლანტიკური ალინსის წევრები გახდებიან და მე მიმაჩნია, რომ ეს იმაზე გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია", _ აცხადებს საქარველოს პრეზიდენტი და დასძენს, რომ საქართველო ამ გზაზე 2012 წელს მნიშვნელოვან წინსვლას აჩვენებს.
"დაგეგმილია სამიტი ჩიკაგოში, რომელიც იმედს ვიტოვებ, რომ ჯეროვნად შეაფასებს საქართველოს მიღწევებს რეფორმების თვალსაზრისით. პროგრესი კი სახეზეა. ჩემი განწყობა რეალისტურიც არის და იმავდროულად ოპტიმისტურიც. ცხოვრებამ მაჩვენა, რომ უკიდურეს ოპტიმიზმში არ უნდა გადავარდე, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი შანსი არსებობს", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მსოფლიო პროცესებზე, რომლებიც ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
"ძალიან ოპტიმისტური სცენარიც მაქვს და ძალიან პესიმისტურიც, მაგრამ მე როგორც ყოველთვის პოზიტივზე ვარ კონცენტრირებული", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.