"ევროპელი დემოკრატების" ინფორმაციით, საქართველოში საინვესტიციო კრახი გარდაუვალია. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხოკერაშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობამ 203 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 5 მლნ დოლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც საინვესტიციო კრახს ნიშნავს.
"კიდევ უფრო მეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან 18-მა ქვეყანამ ჯამში 53 მილიონი დოლარი უკან გაიტანა. ყველაზე მეტი კაპიტალის, 34 მილიონის გადინება მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ პროცესმა კი ქვეყანაში ავტომატურად სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვია, რამაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას სერიოზული საფრთხე შეუქმნა", - განაცხადა ხოკერაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა 2011 წელს ქვეყანაში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ელის. დაახლოებით ანალოგიურ პროგნოზს აკეთებდა ხელისუფლება 2010 წელს, მაგრამ 1,2 მილიარდი დოლარის ნაცვლად, გასულ წელს მთლიანობაში, სულ რაღაც 553 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
"ევროპელი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ინვესტიციების კლების მთავარი მიზეზი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობაა. კერძოდ, საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები, საგადასახადო კოდექსის ხშირი და სწრაფი ცვლილებები, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და არაჯანსაღი კონკურენტული გარემო აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას.
პოლიტიკური გაერთიანება მოუწოდებს ხელისუფლებას, გაატაროს დაუყოვნებლივი ღონისძიებები, რათა ქვეყანაში არსებობდეს პროგნოზირებადი გარემო, როგორც საგადასახადო, ასევე პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით.