საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 2012 წელი ქართული დიპლომატიისთვის მძიმე იქნება.
როგორც მან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს აუდრონიუს აჟუვალისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2012 წლის სირთულეებზე.
"გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც ქართველ დილომატებსა და პრეზიდენტს შორის შედგა, პრეზიდენტმა ჩვენი მუშაობა შეაფასა. ის ჩვენი სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა ყურადღება გაამახვილა 2012 წლის სირთულეებზე და იმაზე, რომ ჩვენი მუშაობა მომავალი წლისთვის ხარისხობრივად სხვა დონეზე უნდა გადავიდეს, რადგან ეს წელი ქართული დიპლომატიისთვის მძიე იქნება", - განაცხადა ვაშაძემ.
სასტუმრო "რადისონში" ამბასადორიალი მეორე დღეა მიმდინარეობს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბასადორიალს სტუმრობდა და მისი დასრულების შემდეგ ვაშაძესთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.