„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" უთანასწორო ბრძოლაში იმყოფება.
„მოსახლეობა იმყოფება „ნაციონალურ მოძრაობასთან" უთანასწორო ბრძოლაში, რომელის სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავს, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და არსებული რეალობისადმი დღითიდღე უფრო არაადეკვატური ხდება", - განაცხადა თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნულზე მოწმობს ის, რომ უმუშევრობის დონე მატულობს და ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის.
„ხელისუფლების არაადეკვატურობის შედეგია სოფლის მეურნეობის დაცემის სწრაფი ტემპი. გაზრდილი გადასახადების და სახელმწიფოს მიერ შეწერილი გადასახადების გამო ქვეყანაში არა თუ მცირე ბიზნესის განვითარებაზე ზედმეტია ლაპარაკი, არამედ ხალხი მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის... არაადეკვატურობის გამოხატულებაა, რომ ამ პირობებში ერთმანეთის მიყოლებით ვხსნით საციგურაო მოედნებს, რომლებზე დახარჯული ფულითაც მთელ კახეთში სასაწყობე-სამაცივრო მეურნეობების აშენება იქნებოდა შესაძლებელი", - განმარტა თარგამაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებიც გაახმოვანა და აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით წლევანდელი წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო სექტორში 16 ათასი ადამიანი იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული.
„ამის საპირისპიროდ, არც ერთი ადამიანი არ დასაქმებულა", - აღნიშნა თარგამაძემ, რომლის შეფასებითაც, „ქართული სოფელი უფსკრულისკენ მიდის.