„ერთობა სამართლიანობისთვის" ლიდერი გია ცაგარეიშვილი მისი ფრაქციის წარმომადგენლებისთვის საპარლამენტო დელეგაციებში კვოტებს მოითხოვს.
აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანა ცაგრეიშვილმა დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დააყენა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა.
„საკითხი შეეხება პარლამენტის ნდობის ჯგუფსა და ყველა სხვა საპარლამენტო სტრუქტურაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლების მივლინებასა და შემდგომ მუშაობას. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს იქნება ახალ ფრაქციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ნორმალური ურთიერთობის დაწყების საშუალება", - განმარტა ცაგარეიშვილმა.
ახლადშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარის აღნიშნულ მოთხოვნას სესიაზევე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „არც ერთ დელეგაციაში ვაკანსია არ არის".
„ამჟამად არც ერთ დელეგაციაში ვაკანსია არ არის. ის წევრები, რომლებიც ახალ ფრაქციაში არიან გაერთიანებულნი, აქამდე სხვადასხვა დელეგაციის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ და მათი გამოწვევა ჯერ არ მომხდარა. მას შემდეგ რაც ვაკანსია გაჩნდება, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდება", - განმარტა გოგორიშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის ნდობის ჯგუფში „ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენლისთვის ადგილის გამოყოფას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ეს საკითხი თავდაცვის კომიტეტის პრეროგატივაა", რის კონტექსტშიც, გოგორიშვილმა ცაგარეიშვილი სწორედ გია თარგამაძის კომიტეტში გადაამისამართა.