„ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი ეჭვობს, რომ თელავში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პირობებში, რთველი, შესაძლოა „პოლიტიკური ჟონგლიორობის საგნად" გადაიქცეს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, „ქრისტიან-დემოკრატები" ადგილობრივ დონეზე რთველის მონიტორინგის ალტერნატიული შტაბის (რომელიც მონიტორინგს გაუწევს როგორ ბარდება ყურძენი და მოახდენს პრევენციას, რომ ყურძენი არ გაიცვალოს საარჩევნო ხმაზე), ასევე ინტერფრაქციული, ან უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნას მოიხთხოვს (რომელიც ზედამხედველობას გაუწევს, თუ როგორც მიმდინარეობს თელავში საარჩევნო კამპანია).
„თელავში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების წინაასარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ეს პროცესი ემთხვევა საშემოდგმო რთველის ყველაზე აქტიურ ფაზას... რთველი შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური ჟონგლიორობის საგნად, რადგან არსებობს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და დაშანტაჟების ფაქტები. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის გამარჯვების შემთხვევაში რაიონის დაუსაქმებელი მოსახლეობა დასაქმდება, „ნაციონალები" პირიქით ეუბნებიან - თუ ისინი მათ წარმომადგენელს არ დაუჭერენ მხარს, სამსახურებს დაკარგავენ", - აღნიშნა ლალიშვილმა.
მისივე შეფასებით, ყველაფერი აღნიშნული მოწმობს, რომ თელავში
ბატონყმობა ჯერ არ გადავარდნილა.
„იქ თავადებად თავი მოაქვთ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და ყმებად აღიქვამენ თელავის მთელ მოსახლებას", - განმარტა დეპუტატმა.