ნიკოლა სარკოზის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დეტალებს საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი აზუსტებს. ფრანგ მინისტრს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა. შეხვედრას, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიეც დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრ ტიერი მარიანის 10 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია შეხვდა. მინისტრებს შორის შეხვედრისას საუბარი ტრანსპორტის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ წარიმართა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას და იმედი გამოთქვა, რომ ის მომავალშიც ასეთი წარმატებული იქნება.