პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს სპეკულაციაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სახელმწიფო კომპანიების აქციათა საერთაშორისო ბირჟებზე გატანის მიუხედავად, ობიექტების საკონტროლო პაკეტები სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.
"ჩვენი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი, რადგან ობიექტების საკონტროლო პაკეტები მუდმივად, უვადოდ, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება", - განუცხადა მელიქიშვილმა ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, "პრივატიზაციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების გაძლიერებას და დამატებითი კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
"ამ ცვლილებებით ნებადართული ხდება პრივატიზაციის ახალი ფორმის გამოყენება. საუბარია მსოფლიოში აპრობირებული - გლობალურ-დეპოზიტარული ფორმის გამოყენებაზე და ამავდროულად, აქციების განთავსებაზე საერთაშორისო ბირჟებზე. აღნიშნული ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების გაძლიერებას და დამატებითი კაპიტალის მოზიდვას. ცვლილებები სწორედ ამისთვის ხორციელდება", - განმარტა უმრავლესობის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების აქციათა ნაწილს საერთაშორისო ბირჟებზე გაიტანს. "დღემდე ამის შესაძლებლობას, არსებული რეგულაციები არ გვაძლევდა და გვინდა განვიხილოთ შესაძლებლობა აქციათა 15-20 %-ის განთავსებისა, ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე, როგორიცაა "საქართველოს რკინიგზა", "ნავთობისა და გაზის კორპორაცია", სახელმწიფო ელეტქროსისტემა" და სხვა სახელმწიფო კომპანიები", - განაცხადა რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა. მისი თქმით, აქციათა საერთაშორისო ბირჟებზე განთავსება საქართველოს საშუალებას მისცემს, დიდი რაონებობით ახალი კაპიტალი მიიზიდოს.