დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგენო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ბადრიძის განცხადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დევიდ კემერონის განცხადება ქართული მხარის მიერ პოზიციების დათმობას არ გულისხმობს.
"რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას განვითარებული სამყაროს ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, რადგან ეს იქნება ორმხრივი ვაჭრობის თვალსაზრისით ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან ხელსაყრელი, ეს იქნება კარგი თავად რუსეთის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის ცივილიზებულ სამყაროში, მაგრამ მეორე მხრივ დევიდ კემერონის განცხადება არანაირად არ ნიშნავს საქართველოზე ზეწოლას. მე გახლავართ დიდ ბრითანეთში საქართველოს ელჩი და ბრიტანელებისგან არასდროს მომისმენია, რომ თბილისმა თავისი ეროვნული ინტერესები უნდა დათმოს იმისთვის, რათა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა რომელიმე ქვეყანამ ივაჭროს რუსეთთან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დიდ ბრიტანეთში ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანეუბლ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ დევიდ კემერონის განცხადებაზე კომენტირებისას.
მისი თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამ მიზნით კემერონი მოსკოვში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკითხის დაყენებასაც აპირებს.
"ახლა, როცა მე გესაუბრებით, ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, სადაც ის, ერთი მხრივ, ცდილობს გამოასწოროს მრავალი წლის განმავლობაში არსებული ძალიან ცუდი ურთიერთობები რუსეთთან, რომლის მიზეზიც არ არის მხოლოდ, მაგალითად, ლიტვინენკოს მკვლელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ის არ ერიდება პრობლემური საკითხების წამოწევას. მეტიც, მოსკოვში ვიზიტამდე ორი თვით ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა საჯაროდ, პარლამენტში დადო პირობა, რომ რუსეთის ხელმძღვანელებს შეგახსენებს საქართველოსთან მიმართებაში თავის ვალდებულებებს, რომელიც ჯარების გაყვანასა და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შეეხება", - განმარტა ბადრიძემ.