მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი ვაშინგტონში გაემგზავრება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტში განუცხადეს, წერეთელი მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დემოკრატიული თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმში (CoD Parliamentary Forum), რომელიც ვაშინგტონში 14-16 სექტემბერს გაიმართება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებიდან 100-ზე მეტი პარლამენტარი. მასზე განხილული იქნება დემოკრატიის დაცვის საკითხები და ის პრობლემები, რომელიც დემოკრატიას ავტორიტარული რეჟიმების სახით ექმნება.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოვა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შედგება ორმხრივი შეხვედრებიც აშშ-ს კონგრესისა და სენატის ხელმძღვანელობასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის კონგრესის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან.