პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და აღნიშნულ კონტექსტში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„გუშინ იყო 11 სექტემბერი. დღე, რომელიც სიმბოლოა იმ ბოროტებისა, რაც ტერორიზმს მოაქვს. დღე, რომელიც სიმბოლოა ძალიან დიდი მსხვერპლისა და ტრგედიისა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას დაატყდა თავს. დღე, რომელიც გახდა დიდი პოლიტიკური პროცესების დაწყების სიმბოლო მთელს მსოფლიოში. მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა დაღუპულთა მიმართ, გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა აშშ-ის მიმართ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის საერთო საქმე", - განმარტა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ამ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს და მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„2001 წლის 11 სექტემბერი იყო წყალგამყოფი დღე, რომელმაც მსოფლიო გაყო ორად - ერთ ნახევარში არიან ქვეყნები, რომლებიც ერთობლივი ძალიხსმევით, საერთო ღირებულებებით ებრძვიან ტერორიზმს, ხოლო მეორე ნახევარში არიან ის ადამიანები, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ 11 სექტემბრის მსგავს ტრაგედიებს. საქართველო უკვე წლებია ანტიტერორისტული კოალიციის ძალიან აქტიური წევრია და მომავალშიც ასე იქნება. მსოფლიო ბოროტებასთან ბრძოლაში, მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში ჩვენ ჩვენი მოკრძალებული ძალითა და რესურსით ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, დავით ბაქრაძე გურიაში ორი დღის წინ მომხდრა მასშტაბურ ავტოავარიასაც გამოეხმაურა და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.