„ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მმართველ გუნდთან უკვე შეთანხმებული საკითხების გარდა, დამატებითი თემების განხილვის წინადადებას აყენებს.
აღნიშნული წინადადება ვეფხვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაახმაურა და აქვე აღნიშნა, რომ „ბევრი საინტერესო შემოთავაზება მოდის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან".
„ვფიქრობ არეალი მხოლოდ იმ ინიციატივებით არ უნდა შემოიფარგლოს, რომელიც უკვე შეთანხმდა", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის აღნიშნულ განცხადებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა როგორც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მმართველი გუნდიდად მომუშავე პავლე კუბლაშვილი, ისე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
კუბლაშვილის თქმით, არსებობს საკითხები, რომლებიც „აღარ გადაისინჯება".
„არის თემები, რომლებთან დაკავშირებითაც პოზიციები საბოლოოდ იქნა ჩამოყალიბებული და რომლებსაც აღარ დავუბრუნდებით. ეს ის თემებია, რომლებიც განხილულ იქნა ჯგუფის შიგნით და რომლებზეც შეთანხმება იქნა მიღწეული. ბუნებრივია, ისინი აღარ გადაისინჯება, თუმცა ყველა სხვა თემა, რომელიც საარჩევნო პროცედურას უკავშირდება, შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი", - განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
კუბლაშვილის აღნიშნულ განცხადებას დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც და აღნიშნა, რომ „ერთხელ დახურულ კარს, მეორედ ვერ გახსნი".
„ვეთანხმები ბატონ პავლეს, რომ ერთხელ დახურულ კარს, მეორედ ვერ გახსნი და იმ საკითხებს, რაც უკვე შეთანხდა, აღარ დავუბრუნდებით, თუმცა ამის გარეთ, დამატებითი თემების განხილვაში პრობლემას ვერ ვხედავ", - აღნიშნა ბაქრაძემ.